მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა ინტერესისთვის, უკვე ძალიან ბევრნი ვართ! როგორც მოგეხსენებათ, შედეგების შესაფასებელი ტესტირება 17 მაისს დავიწყეთ საკონტროლო და ექპერიმენტულ ჯგუფებში, პარალელურ რეჟიმში. დღეს ოფიციალურად დავასრულეთ ტესტირებების ეტაპი.
შედეგების შეფასება მოხდა ზუსტად იმ ტესტებით, რითაც მოვახერხეთ პრობლემის დიაგნოსტირება. ბავშვებმა წაიკითხეს, გაანალიზეს მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები. მხატვრული ტექსტი გახლდათ -„მტრის ნამცხვარი“, ხოლო საინფორმაციო ტექსტი -„უზარმაზარი კბილის საიდუმლო“. წაკითხული ტექსტების ანალიზისას ორივე ჯგუფი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა. მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის გამოყოფილი დრო გახლდათ 40 წთ, ხოლო საინფორმაციო ტექსტის ანალიზისთვის 45წთ.
ორივე ჯგუფის მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარები. კითხვარის ანალიზი გვიჩვენებს, რამდენად შეიცვალა მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი. როგორც პრე-ტესტის დროს, ახლაც შევამოწმეთ მოსწავლეების ლექსიკური მარაგი და მოქნილი კითხვის უნარები.
ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტულ ჯგუფში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. თუმცა, ზუსტ ინფორმაციას ჩვენი წარმატებების შესახებ მოგაწვდით მას შემდეგ, რაც კითხვარის პასუხებს, ტესტებში მიღებულ ქულებს შევიტანთ და დავამუშავებთ SPSS-ის საშუალებით, როგორც ეს პრე-ტესტის შემთხვევაში გაკეთდა.
მონაცემების დამუშავებისთანავე მოგაწვდით ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის შედეგები.
ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, ჩვენ შემდეგ ორშაბათს ისევ შევხვდებით. იმდენად კმაყოფილნი ვართ ჩვენი ბავშვების ტესტში მიღებული შედეგებით, ზოგადად პრაქტიკის კვლევის წარმატებით განხორციელებით, სკოლამ და ჩვენ, ფასილიტატორებმა გადავწყვიტეთ ერთობლივი ძალებით პატარა სიურპრიზი გავუკეთოთ ჩვენს მეგობრებს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს!
შევხვდებით შემდეგ ორშაბათს საინტერესო ინფორმაციებით,
დროებით!
Комментариев нет:
Отправить комментарий