среда, 1 июня 2016 г.

ინტერვენციების შედეგების ანგარიშის წარდგენა

დღეს დაგეგმილი იყო 13:00 სთ-ზე შედეგების შეფასების ანგარიშის წარდგენა ექსპერიმენტული ჯგუფის მშობლებისთვის. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ შეხვედრა 40 წთ-ით დაგვიანდა და დაესწრო მხოლოდ 7 მშობელი. მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა, კვლევის წარმატებული დასასრულისა, მაინც ვერ შევძელით მშობელთა ინტერესის ამაღლება. იმედია, მომავალში აღნიშნული კლასი შეძლებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.



ანგარიში საკმაოდ მოცულობითია, მაგრამ აჩვენებს ძალიან ბევრ საინტერესო ტენდენციას. ჩვენ მოგახსენეთ, რომ ექსპერიმენტულ ჯგუფში შედეგები გაუმჯობესდა ინტერვენციების განხორციელების შემდეგ და დადებითად შევაფასეთ ჩვენი საქმიანობა. ქვემოთ მოცემული ანგარიში სწორედ ჩვენი სიტყვების ილუსტრირებაა და ამყარებს ჩვენს სიტყვიერ შეფასებას.

ბევრს არ ვისაუბრებთ მიღწეულ წარმატებებზე. ბლოგის ერთგულო მკითხველებო, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ, თუნდაც ანგარიშის საშუალებით. 

ფაილის გადმოსაწერად გადადი ბმულზე:
http://www.slideshare.net/mtbiblia/ss-62628350

დასრულდა პრაქტიკის კვლევა N81 საჯარო სკოლაში. გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს მეგობრებს - „მკითხველთა კლუბის“ თითოეულ მოსწავლეს, საკონტროლო ჯგუფის მოსწავლეებს. მადლობა ქალბატონ ქეთი კოსტავას - „მკითხველთა კლუბის“ ერთ-ერთ ფასილიტატორს, ექსპერიმენტული ჯგუფის დამრიგებელს. განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს- ქალბატონ მაგდა ბარამიძეს გაწეული დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის.

მადლობა თქვენ, ბლოგის მკითხველებო, ინტერესისთვის. იმედია, მოგწონდათ ჩვენთან ერთად ყოფნა. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით!

სალომე, ნინო, მარიტა

P.S. პრაქტიკის კვლევის დიაგნოსტირების ეტაპის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში - „ჩვენი კვლევის შესახებ.“


понедельник, 30 мая 2016 г.

"მკითხველთა კლუბის" ოფიციალური დახურვა

გამარჯობა მეგობრებო. დღეს ორშაბათია და დაპირებული სიურპრიზის შესახებ უნდა გიამბოთ.

სკოლის დირექტორის ქალბატონი მაგდა ბარამიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დღეიდან 81-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების თუ ვიზიტორების ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ჰოლში ბანერი, რომელზეც 28 „ვარსკვლავის“ სურათია გამოსახული. დიახ, მათ ნადვილად დაიმსახურეს „მკითხველთა კლუბის“ ვარსკვლავების სტატუსი. 



გარდა ამისა, დღეს 6 ბავშვმა ტესტირებებში საკუთარი შედეგის 6 და მეტი ქულით გაუმჯობესების გამო, სკოლის დირექტორისგან საჩუქრად წიგნები მიიღეს.



სიურპრიზების შემდეგ გადავინაცვლეთ „მკითხველთა კლუბში“ და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.



დღევანდელი შეხვედრით ოფიციალურად დასრულდა ჩვენი ურთიერთობა ძალიან ჭკვიან, საინტერესო ბავშვებთან. 
თუმცა, არ ვემშვიდობებით „მკითხველთ კლუბის“ წევრების მშობლებს. ძვირფასო მშობლებო, სულ მალე წარმოგიდგენთ შედეგების შეფასების ანგარიშს. ბუნებრივია, თქვენც, ჩვენო ერთგულო მკითხველებო, შეიტყობთ პრაქტიკის კვლევის წარმატებით განხორციელების შესახებ. 

დროებით!

понедельник, 23 мая 2016 г.

შედეგების შესაფასებელი ტესტირება საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში

მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა ინტერესისთვის, უკვე ძალიან ბევრნი ვართ! როგორც მოგეხსენებათ, შედეგების შესაფასებელი ტესტირება 17 მაისს დავიწყეთ საკონტროლო და ექპერიმენტულ ჯგუფებში, პარალელურ რეჟიმში. დღეს ოფიციალურად დავასრულეთ ტესტირებების ეტაპი. 


შედეგების შეფასება მოხდა ზუსტად იმ ტესტებით, რითაც მოვახერხეთ პრობლემის დიაგნოსტირება. ბავშვებმა წაიკითხეს, გაანალიზეს მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები. მხატვრული ტექსტი გახლდათ -„მტრის ნამცხვარი“, ხოლო საინფორმაციო ტექსტი -„უზარმაზარი კბილის საიდუმლო“. წაკითხული ტექსტების ანალიზისას ორივე ჯგუფი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა. მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის გამოყოფილი დრო გახლდათ 40 წთ, ხოლო საინფორმაციო ტექსტის ანალიზისთვის 45წთ. 


ორივე ჯგუფის მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარები. კითხვარის ანალიზი გვიჩვენებს, რამდენად შეიცვალა მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი. როგორც პრე-ტესტის დროს, ახლაც შევამოწმეთ მოსწავლეების ლექსიკური მარაგი და მოქნილი კითხვის უნარები. 


ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტულ ჯგუფში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. თუმცა, ზუსტ ინფორმაციას ჩვენი წარმატებების შესახებ მოგაწვდით მას შემდეგ, რაც კითხვარის პასუხებს, ტესტებში მიღებულ ქულებს შევიტანთ და დავამუშავებთ SPSS-ის საშუალებით, როგორც ეს პრე-ტესტის შემთხვევაში გაკეთდა. 

მონაცემების დამუშავებისთანავე მოგაწვდით ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის შედეგები.

ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, ჩვენ შემდეგ ორშაბათს ისევ შევხვდებით. იმდენად კმაყოფილნი ვართ ჩვენი ბავშვების ტესტში მიღებული შედეგებით, ზოგადად პრაქტიკის კვლევის წარმატებით განხორციელებით, სკოლამ და ჩვენ, ფასილიტატორებმა გადავწყვიტეთ ერთობლივი ძალებით პატარა სიურპრიზი გავუკეთოთ ჩვენს მეგობრებს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს!

შევხვდებით შემდეგ ორშაბათს საინტერესო ინფორმაციებით,

დროებით!

пятница, 13 мая 2016 г.

დღე XVI

ინტერვენციების დასკვნითი ღონისძიება

მოგესალმებით ბლოგის ერთგულო მკითხველებო. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც ბოლო სიახლეები მოგაწოდეთ „მკითხველთა კლუბიდან.“ გაგვიგრძელდა დასვენებები, მაგრამ ახალი ენერგიით, სიახლებით გიბრუნდებათ კლუბი. 

დღეს ინტერვენციების, სამთვიანი მუშაობის შეჯამება მოხდა „მკითხველთა კლუბში.“ ინტერვენციების დასკვნითი ეტაპის დასრულება მასშტაბურად ავღნიშნეთ. ღონისძიებას ესწრებოდნენ კლუბის წევრების მშობლები, სკოლის დირექტორი - ქალბატონი მაგდა ბარამიძე, პედაგოგები და მანდატურები. 


ღონისძიება ვიდეო-რგოლის ჩვენებით დავიწყეთ, რომელიც მუშაობის მიმდინარეობას ასახავს 1 თებერვლიდან 13 მაისის შეხვედრამდე. 


შეხვედრის შემდეგ ეტაპზე ბავშვების მოსაზრებების მოსმენის დრო დადგა. გავიგეთ მშობლებისა და დამრიგებლის - ქეთი კოსტავას მოსაზრებებიც.





მოსაზრებების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთი ვიდეო-რგოლი „ გზავნილები მკითხველთა კლუბიდან“ ვაჩვენეთ. 


ვიდეო-რგოლის ჩვენების შემდეგ სკოლის დირექტორმა შეაჯამა და შეაფასა ჩვენი მოღვაწეობა სკოლაში. 


ღონისძიების ბოლოს კი დიპლომებით დაჯილდოვების დროც დადგა. თითოეულ მოსწავლეს გადავეცით დიპლომი. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.


როგორც ყველა ღონისძიებას შეეფერება ჩვენთანაც ღონისძიება საზეიმო ტორტითა და ერთობლივი ფოტოსურათით დასრულდა. ტორტზე შენიშნავდით სანთელს, რომელიც „მკითხველთა კლუბის“ შექმნის პირველ წელს აღნიშნავს.


დღევანდელი ჩვენი 26-ე შეხვედრაც დასრულდა და დასრულდა ინტერვენციების ეტაპიც. წინ გველოდება შედეგების შეფასების ეტაპი, რომელიც 17 მაისიდან დაიწყება საკონტროლო ჯგუფში. სამწუხაროდ, ყოველკვირეულ სიახლეებს „მკითხველთა კლუბიდან“ ვეღარ მოგაწვდით, რადგან მხოლოდ ტესტირებები დაგვრჩა, თუმცა სიახლეებს, როგორ წარიმართა ტესტირების პროცესი ჯგუფებში, აუცილებლად მოგაწვდით. ასევე, გაგაცნობთ ტესტირების შედეგებსაც. 

გემშვიდობებით,

მომავალ შეხვედრამდე




понедельник, 25 апреля 2016 г.

დღე XXV

კითხვის პოპულარიზაცია

გამარჯობა! „მკითხველთა კლუბში“ დღეს ძალიან ჭკვიანი და საყვარელი სტუმრები გვყავდა. კლუბის წევრებმა პირველკლასელებს უმასპინძლეს. ჩვენი შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.


დღე, ბუნებრივია, გაცნობით დაიწყო. მასპინძლებმა აიღეს ინიციატივა და დაიწყეს გაცნობის პროცესი. თითოეული მათგანი ბურთის დაჭერისთანავე აჟღერებდა საკუთარ სახელს, ასახელებდა მისთვის საყვარელ საქმიანობას და სურვილისამებრ ამატებნდნენ იმ მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც მათი აზრით უნდა ცოდნოდათ მეგობრებს მათ შესახებ. ამ აქტივობით საინტერესო სიახლეები გავიგეთ არა მხოლოდ სტუმრების შესახებ, არამედ ჩვენი კლუბის წვერების შესახებაც. მაგალითად, ჩვენს ბავშვებს ყვარებიათ: ცხოველები, „მკითხველთა კლუბი“, ხატვა , მათემატიკა და სხვა.


კლუბის წევრებმა აუხსნეს მეგობრებს, რას ვაკეთებთ ყოველ ორშაბათსა და პარასკევს კლუბში. გააცნეს „მკითხველთა კლუბის“ ქცევის კოდექსი. აღნიშნულის შემდეგ უმცროსკლასელებს თავიანთ ადგილებზე, ხალიჩებზე მიუთითეს, თავად კი სკამებზე მოთავსდნენ. 

შეხვედრის მეორე ეტაპზე მასპინძლებმა ახალ მეგობრებს 22 აპრილს გამზადებული, გაფერადებული მოთხრობები გადასცეს საჩუქრად და არც რჩევა დავიწყებიათ: გაცნობოდნენ, აუცილებლად წაეკითხათ აღნიშნული მოთხრობები. წინა შეხვედრაზე შევარჩიეთ ერთი მოთხრობა - „აბა, ვის ვეთამაშო?“ და კითხვის კონკურსში გამარჯვებულებმა ძალიან საინტერესოდ წაუკითხეს პატარებს. ნახეთ, მგონი ნამდვილად მოსწონთ მეგობრების მიერ წაკითხული მოთხრობა. 


კითხვის პროცესში კლუბის წევრებმა ჩვენი ფუნქციები შეასრულეს. კითხულობდნენ პაუზებით, უსვამდნენ პატარა მეგობრებს კითხვებს და ეხმარებოდნენ წაკითხულის გააზრებაში. 

კითხვის დასრულების, გააზრების, კითხვა-პასუხის შემდეგ განვთავსდით წრიულად და ვითამაშეთ „სინონიმთა და ანტონიმთა წრე.“ ერთი მოსწავლე ამბობდა სიტყვას, გვერდით მჯდომი ასახელებდა აღნიშნული სიტყვის სინონიმს, სინონიმების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში ასახელებდნენ ანტონიმს. მას შემდეგ, რაც ამოიწურებოდა სინონიმთა და ანტონიმთა მარაგი, ისევ ახალ სიტყვას ასახელებდნენ. თავიდან გაგვიჭირდა აღნიშნული ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობის განხორციელება, მაგრამ შემდეგ კარგად გავართვით თავი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი პატარა სტუმრები არ უდებდნენ ტოლს უფროსებს და ენერგიულად ასახელებდნენ სინონიმურ, ანტონიმურ წყვილებს. 


შეხვედრა მართლაც საინტერესო გამოვიდა, იმედია, ჩვენს მეგობრებს მოეწონათ „მკითხველთა კლუბში“ ვიზიტი.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც დასრულდა. მხოლოდ ერთი შეხვედრა დაგვრჩა „მკითხველთა კლუბში.“ 13 მაისს 12სთ და 30 წთ-ზე გაიმართება ინტერვენციის, შეხვედრების დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება. მშობლებო, თქვენ აუცილებლად მიიღებთ ოფიციალურ მოსაწვევ წერილს ღონისძიებაზე დასასწრებად. 

ბედნიერ დასვენებებს გისურვებთ და შევხვდებით 13 მაისს!


P.S. ლიტერატურის მოწოდებისთვის გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საბავშვო ავტორს - ქალბატონ თეა ლობჟანიძეს.

пятница, 22 апреля 2016 г.

დღე XXIV

ლექსიკური მარაგის გამდიდირებაზე მუშაობის შეჯამება და მზადება კითხვის პოპულარიზაციისთვის

მოგესალმებით მეგობრებო! თორმეტი კვირაა, რაც „მკითხველთა კლუბი 81-ე სკოლიდან“ აქტიურად მუშაობს, გაწვდით ახალ-ახალ საინტერესო ინფორმაციებს ყოველ ორშაბათსა და პარასკევს. დღეს პარასკევია და ტრადიციულად მზად გვაქვს თქვენთვის სიახლეები.

დღევანდელი შეხვედრის პირველი ნაწილი ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ჩატარებული სამუშაოების შეჯამებას დაეთმო. ბლოგის აქტიურმა მკითხველებმა იცით, რომ თითქმის ყველა ჩვენი შეხვედრის საწყისი 10-15 წთ. სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრებისკენ იყო მიმართული. ფასილიტატორები და ბავშვები ვცდილობდით სხვადასხვა ხერხებით სიტყვებთან დამეგობრებას. ალბათ, ისიც გეხსომებათ, რომ ამ მიზნით შეხვედრების საწყისს ეტაპზე „ჯადოსნურ ყუთს“ ვიყენებდით. დღეს ცოტათი მივიწყებული „ჯადოსნური ყუთი“ გავიხსენეთ და შეხვედრების განმავლობაში ნასწავლი სიტყვები მასში მოვათავსეთ. ნახეთ, რამდენ სიტყვას მოუყრია თავი.


ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ „ჯადოსნური ყუთი“ გართულებული ფორმით დაგვიბრუნდა. „მკითხველთა კლუბის“ წევრებს ყუთში მოთავსებული თითოეული სიტყვა მხოლოდ სინონიმის/ანტონიმის დასახელებით უნდა მიეხვედრებინათ ერთმანეთისთვის და გამოეცნოთ. ბავშვებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი აღნიშნულ დავალებას. 



სიტყვების გახსენებისა და გამეორების შემდეგ ახალი აქტივობის დროც დადგა. კლუბის წევრები სიამოვნებით ეცნობოდნენ ჩვენთან ერთად ახალ-ახალ საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტებს. შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად მათი დამოკიდებულება კითხვისადმი პოზიტიურად შეიცვალა. რადგან შევნიშნეთ აღნიშნული სასიამოვნო ცვლილება, კლუბის წევრებს საპასუხისმგებლო ამოცანა დავუსახეთ. მათ 25 აპრილის შეხვედრაზე უნდა უმასპინძლონ პატარა, პირველკლასელ მეგობრებს და წაუკითხონ მოთხრობა, იმსჯელონ მათთან ერთად. ფაქტობრივად მათ ჩვენი, ფასილიტატორების მოვალეობები უნდა შეასრულონ. იმისათვის, რომ 25 აპრილის შეხვედრაზე მათ შეძლონ ამოცანის მაღალ დონეზე გადაჭრა, ფასილიტატორები მზადებაში დავეხმარეთ. თითოეულ გუნდს მივაწოდეთ საბავშვო ავტორის ქალბატონი თეა ლობჟანიძის ძალიან კარგი მოთხრობები, რომლის ერთ წიგნად შეკვრა, გაფერადება სწორედ „მკითხველთა კლუბის“ აქტიურ წევრებს მოუხდათ. ვიდრე გაფერადებას დავიწყებდით, ერთად წავიკითხეთ მოთხრობები და განვიხილეთ.



ამის შემდეგ შევუდექით გაფერადებას. ნახეთ, როგორი მონდომებითა და ენთუზიაზმით ცდილობენ ლამაზად გააფორმონ თითოეული ნახატი პირველკლასელთათვის. მგონი, მართლაც ძალიან კარგად გაართვეს თავი სამუშაოს. 




მართალია 4 მოთხრობა გავაფერადეთ, მაგრამ ორშაბათის შეხვედრაზე, სამწუხაროდ, ოთხივე მოთხრობის წაკითხვას ვერ მოვასწრებთ პატარებისთვის. ამიტომ ამოვირჩიეთ ერთი მოთხრობა „აბა, ვის ვეთამაშო?" და ასევე, უნდა აგვერჩია მკითხველებიც. „მკითხველთა კლუბში“ სწავლებისადმი დემოკრატიულ მიდგომას ვანიჭებთ უპირატესობას, ყველა გადაწყვეტილებას ბავშვებთან ერთად ვიღებთ. არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. რადგან თითო ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მკითხველი უნდა შეგვერჩია, ჩავატარეთ კითხვის კონკურსი. კითხვის კონკურსში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა გამოთქვა, ამიტომ თითოეულ მათგანს წავაკითხეთ მხოლოდ ერთი აბზაცი „მკითხველთა კლუბში“ შესწავლილი მოთხრობიდან ოტია იოსელიანის „ვირის ჭკუა". ჩავრთეთ წამზომი და საუკეთესო, მოქნილი, გააზრებული კითხვის უნარის მქონე 4 მოსწავლე შევარჩიეთ. 25 აპრილს მხოლოდ ერთ მოთხრობას არ წავუკითხავთ პირველკლასელებს, ასევე გვექნება სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებიც, რომლებშიც „მკითხველთა კლუბის“ თითოეული წევრი იქნება აქტიურად ჩართული.

ყველაფერი მზად გვაქვს ორშაბათის შეხვედრისთვის, იმედია, პატარა მეგობრებს მოეწონებათ მოთხრობებიც და „მკითხველთა კლუბში“ ვიზიტიც. 

საინტერესო შეხვედრის მოლოდინში გემშვიდობებით ორშაბათამდე

გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე:

понедельник, 18 апреля 2016 г.

დღე XXIII

ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი გუნდი“

მოგესალმებით ბლოგის აქტიურო მკითხველებო! ახალი კვირა განსხვავებულად დაიწყო „მკითხველთა კლუბში.“ შეხვედრა ჩვენი ძალიან აქტიური და შრომისმოყვარე ჯგუფების დაჯილდოვებით დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი შეხვედრები დასასრულისკენ მიდის, სულ რაღაც 3 შეხვედრა დაგვრჩა, ამიტომ ფასილიტატორებმა გადავწყვიტეთ გაწეული შრომისათვის დაგვეჯილდოვებინა გუნდები. შეხვედრების განმავლობაში თითოეულმა გუნდმა თავისი შრომისმოყვარეობის, დისციპლინის დაცვით, პასუხისმგებლიანობითა და გონიერებით შეძლო გარკვეული რაოდენობის ვარსკვლავების მოპოვება. ორმა გუნდმა თანაბარი რაოდენობის 7-7 ვარსკვლავი მოაგროვა, მეორე გუნდმა 6, ხოლო მესამე გუნდმა 4 ვარსკვლავი. შესაბამისად, ყველაზე მეტი ვარსკვლავების მფლობელმა გუნდებმა მიიღეს დიდი ზომის ვარსკვლავი, შემდეგმა გუნდმა საშუალო ზომის და პატარა ზომის ვარსკვლავი. 



ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ წინა შეხვედრაზე ჩვენ ერთგვარი ტესტირება ჩავატარეთ. ერთად წავიკითხეთ საინფორმაციო ტექსტი, ხოლო შემდეგ, თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად უპასუხა კითხვებს. შედეგები მართლაც სასიამოვნო გახლდათ, მაგრამ იყო ხარვეზებიც, ამიტომ თითოეულ მოსწავლეს მივაწოდეთ უკუკავშირი. ინდივიდუალურად გადავეცით წერილობითი განმავითარებელი შეფასება და ასევე ვაცნობეთ საკუთარი ქულის შესახებ.


ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მეგობრები გაითვალისწინებენ რჩევებს და იმუშავებენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, წაიკითხავენ მეტს და გააუმჯობესებენ შედეგებს. 

შეხვედრის მომდევნო ეტაპი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენს მოაზროვნე გუნდებს ოთხი ტურის გადალახვა მოუხდათ. პირველ ტურში უპასუხეს კითხვებს „მკითხველთა კლუბში“ განხილული თემებიდან, წინადადებაში ჩასვეს გამოტოვებული სიტყვები. პირველი ტურის მაქსიმალური ქულა გახლდათ - 9. მეორე და მესამე ტური ლოგიკურ ამოცანებს დაეთმო. მეორე ტურის მაქსიმალური ქულა იყო - 3, ხოლო მესამე ტურის ქულა - 3. მეოთხე ტურის მაქსიმალური ქულა - 2. ოთხივე ტურისთვის გამოყოფილი გახლდათ 30 წთ.



უნდა ავღნიშნოთ, რომ თითოეულმა გუნდმა მაქსიმალურად მოინდომა, მოახერხეს გუნდურად კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ როგორც ყველა თამაშს ჩვენთანაც გამარჯვებული უნდა გამხდარიყო მხოლოდ ერთი გუნდი, გუნდი, რომელიც მაქსიმალური ქულის აღებას მოახერხებდა. დღეს „ყველაზე ჭკვიანი გუნდის“ სტატუსი მოიპოვა გუნდმა „მეგობრულებმა“, 10 ქულით. გამარჯვებულ გუნდს გარდა სიგელისა, გადავეცით სამახსოვრო სუვენირი-„ბუ“, როგორც სიბრძნის სიმბოლო.


დანარჩენ სამ გუნდს მონაწილეობისთვის გადავეცით სამადლობელო სიგელები. დღევანდელი შეხვედრაც დასრულდა, მადლობა თითოეული გუნდის წევრებს მონაწილეობისთვის, დღევანდელი დღისთვის.


კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით პარასკევს

P.S. დღევანდელ ჩვენს საინტერესო შეხვედრას არც ერთი მშობელი არ დაესწრო. სამწუხაროა, როდესაც სიტყვა „სასურველს“, „სავალდებულოს“ ნაცვლად შეუძლია ბევრი რამ გადაწყვიტოს. ამ არასასიამოვნო ფაქტის მიზეზი შესაძლებელია ჩვენი მუშაობაც გახლავთ. ჩვენ, ფასილიტატორებმა ალბათ საკმარისად ვერ შევძელით მშობლების მოტივირება და ჩართულობის ამაღლება. ვიმედოვნებთ, მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.