понедельник, 29 февраля 2016 г.

დღე VIII

თემა: ი. გოგებაშვილის - "თავის გაწირვა"

მოგესალმებით ერთგულო მკითხველებო. დღეს ორშაბათია და "მკითხველთა კლუბიდან" გიკავშირდებით ცხელ-ცხელი ინფორმაციებით.
დღევანდელი დღეც ლექსიკის გასამდიდრებელი აქტივობით დავიწყეთ. "ჯადოსნურმა ყუთმა" საპატიო ადგილი დაიკავა "მკითხველთა კლუბში". ყუთში ძველმა სიტყვებმა ახალ სიტყვებს დაუთმეს ადგილი, ხოლო ახალი სიტყვები  მოლოდინის რეჟიმში არიან და ელოდებიან თავიანთ რიგს.



შეხვედრის მეორე ეტაპზე ბავშვებს ახალი მოთხრობა „ესტუმრა“ - ი. გოგებაშვილის "თავის გაწირვა". მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ მოთხრობას. იმსჯელეს ტექსტის ალტერნატიულ დასათაურებაზე, დაუკავშირეს წამოჭრილი პრობლემები რეალურ ცხოვრებას. ტრადიციულად ვიმუშავეთ უცნობი სიტყვების განმარტებაზე.


 ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ შეძლებდნენ ბავშვები წაკითხული ტექსტიდან მიღებული გამოცდილებით ემსჯელათ განსხვავებულ სიტუაციაზე. ილუსტრირებულ კონვერტებში მათ მიიღეს ქეისი, რომელშიც იყო აღწერილი ოთხ თანატოლს შორის საერთო წიგნის გამო დაწყებული კონფლიქტი.


ბავშვებს უნდა ერჩიათ გმირებისათვის, როგორ გადაეჭრათ პრობლემა ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩენილიყო. პატარა მკითხველებმა თავიანთი მოსაზრებები ჩვეულებისამებრ გააცნეს აუდიტორიას.



სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ზღაპრულ სამყაროში არეულობა შეინიშნებოდა. ერთ-ერთ გუნდს გზა აერია, თუმცა ქცევის კოდექსის გაცნობის შემდეგ გააცნობიერეს ხელისშემშლელი ფაქტორები და დაუბრუნდნენ ჩვეულ მარშრუტს.  იმედი გვაქვს, მსგავსი ბარიერები აღარ დააბრკოლებენ ჩვენს მოგზაურობას.



გემშვიდობებით პარასკევამდე. პარასკევს, 4 მარტს 12:00 სთ-ზე "მკითხველთა კლუბი" უმასპინძლებს მშობლებს და გააცნობს მოგზაურობის ანგარიშს. გარდა ამისა, მათ ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი.
შევხვდებით პარასკევს

суббота, 27 февраля 2016 г.

დღე VII

თემა: ზღაპარი : „დედა

მოგესალმები ძვირფასო მკითხველო. როგორც შევთანხმდით, დღევანდელი შეხვედრა მკითხველთა კლუბის გაცდენილი შეხვედრის ასანაზღაურებლად დაიგეგმა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კლუბს აკლდა მხიარულება და ჟრიამული, რადგან მხოლოდ რამდენიმე ერთგული მკითხველი მოვიდა შეხვედრაზე. მკითხველთა კლუბის წევრების სიმცირემ გარკვეულწილად  დააზარალა ჩვენი შეხვედრა, თუმცა ერთგული მკითხველების დახმარებით მაინც საინტერესოდ წარიმართა.



I ეტაპზე ფასილიტატორებმა მოსწავლეებს გავაცანით მუშაობის გეგმა. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა 3 მარტისთვის მზადებას წარმოადგენდა.  თემა გახლდათ - „დედა“. ფასილიტატორებმა სეგმენტური მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს ვთხოვეთ  დაეწერათ სიტყვები/ ეპითეტები, რომლებიც აგონდებოდათ სიტყვა - "დედა"-სთან დაკავშირებით და ჩაეწერათ საკუთარი ვერსიები ფორმატის 1 სეგმენტზე. 



მუშაობა მინდინარეობდა მცირე ჯგუფებში,  დასწრების გამო 2 ჯგუფიდან შეხვედრაზე აღმოჩნდა მხოლოდ თითო-თითო მოსწავლე, ფასილიტატორებმა ამ მიზეზით გავაერთიანეთ  ჯგუფები. ბავშვებმა პირველ ეტაპზე საკუთარი მოსაზრებები ჩამოწერეს, დაადასტურეს ხელმოწერით და ამის შემდეგ გაუზიარეს თანაგუნდელებს. მეორე ეტაპზე კი შეაჯამეს თავიანთი მოსაზრებები და გადაიტანეს ცენტრალურ სეგმენტში.  


ჯგუფებმა თავიანთი ნაშრომები  აუდიტორიას გაუზიარეს.



მეორე ეტაპზე გავეცანით ზღაპარს -"დედა". აღნიშნული ნაწარმოები წავიკითხეთ მცირე ჯგუფებში წრეზე კითხვის მეთოდით. ეს მეთოდი მიმდინარეობს შემდეგნაირად: წრეში I მოსწავლე კითხულობს აბზაცს, II - აჯამებს, III - სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს.  განვმარტეთ უცნობი სიტყვები და გავაანალიზეთ ზღაპარი.


4 მარტს იგეგმება ჩვენი ბლოგის აქტიურ მკითხველებთან - მშობლებთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის მესამე ეტაპი სწორედ ამ დღისათვის მზადებას დავუთმეთ, ამიტომაც ამ ნაწილის სრულ ისტორიას ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავიტოვებთ.


შეხვედრის დასასრულს  მოსწავლეებს გადავეცით 4 მარტის შეხვედრის მოსაწვევი ბარათები თქვენთვის-დედიკოებო. იმედი გვაქვს  უკვე გაეცანით წერილებს. 


მკითხველთა კლუბი გემშვიდობებათ მომავალი ნაყოფიერი შეხვედრების იმედით. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.

пятница, 26 февраля 2016 г.

დღე VI

თემა: „მელა და ცხენი“

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. დღეს გვსურს გიამბოთ ჩვენი მოგზაურობის ერთ-ერთ თავგადასავალზე. ეს თავგადასავალი „ჯადოსნური ყუთით“ გაიხსნა, რომელშიც უკვე ნასწავლი „ფერადი“ სიტყვები აღმოჩნდა. თითოეული გუნდის ორ-ორმა წარმომადგენელმა ამოიღო ყუთიდან სიტყვა და ყველანაირი ხერხით ეცადა მიეხვედრებინა მეგობრები, რა სიტყვაზე იყო საუბარი.  ეს სახალისო, მაგრამ საკმაოდ რთული აქტივობა ძნელად გადასალახი აღმოჩნდა ბავშვებისათვის. ამიტომ მომდევნო შეხვედრებზე ხშირად გამოვიყენებთ მსგავს სავარჯიშოებს.



დღევანდელი თავგადასავლის შემდეგი ეპიზოდი ძალიან სახალისო აღმოჩნდა მკითხველთა კლუბის წევრებისთვის. ფასილიტატორებმა ზღაპრის ეპიზოდებს შეუსაბამეს  ილუსტრაციები. 


ბავშვებს თავიანთი წარმოსახვით უნდა დაეწყოთ ილუსტრაციები ისე, რომ ამბავი შექმნილიყო. საინტერესო იყო, როგორ დაემთხვეოდა ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ამბავი გასაცნობ ზღაპარს. ისიც იყო გასათვალისწინებელი, რომ ერთი ეპიზოდი ზედმეტი გახლდათ და ზღაპრის გაცნობის შემდეგ პატარა მკითხველებს თავად უნდა აღმოეჩინათ შეცდომა.
მას შემდეგ, რაც ილუსტრაციებზე დაყრდნობით ბავშვებმა შექმნეს  ამბავი, გავეცანით ძმები გრიმების ზღაპარს - „მელა და ცხენი“. ფასილიტატორებმა გუნდებთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული ზღაპარი. 



შემდეგ დავუბრუნდით ილუსტრაციებს, დავალაგეთ ეპიზოდები ტექსტიდან გამომდინარე, აღმოვაჩინეთ ზედმეტი ილუსტრაცია და მოვემზადეთ პრეზენტაციებისთვის.



პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფებმა გამოავლინეს თავიანთი ფავორიტი გუნდები და  მეგობრები ვარსკვლავებით დააჯილდოვეს.



 დღევანდელი მოგზაურობაც ასე ხალისიანად დასრულდა.



ხვალ,  შაბათს, ტრადიციულ დროს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება მკითხველთა კლუბში. გარდა იმისა, რომ საინტერესო აქტივობები გვექნება, ბავშვები ფასილიტატორებთან ერთად მოამზადებენ დედიკოებისათვის სიურპრიზს.
გემშვიდობებით ხვალამდე,

понедельник, 22 февраля 2016 г.

დღე V


თემა: ზღაპარი "მელია და თხა"

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო. იმედია, კარგად ხარ და სასიამოვნოდ გაატარე უქმეები.

ზღაპრის კვირეულის ფარგლებში ბავშვებმა მოირგეს ჟურნალისტების როლები, ვიდრე ფორმატს შევიცვლიდით და მკითხველთა კლუბი საკონფერენციო დარბაზად გადაიქცეოდა, მათ უნდა მოეპოვებინათ keyword (სიტყვა-გასაღები). თითოეულმა ჯგუფმა თავის ფასილიტატორთან ერთად შეავსო 3 ნაწილისგან შემდგარი კროსვორდი. კროსვორდის შესავსებად მოსწავლეებს დაჭირდათ მკითხველთა კლუბში განვლილი თემებიდან ინფორმაციის გახსენება და გამოყენება. რამდენიმე გუნდს აღნიშნული ეტაპის დასაძლევად მინიმალური დრო დაჭირდა და დარჩენილი დრო სხვა გუნდების დასახმარებლად გამოიყენა.


 ალბათ, გაინტერესებთ რა იყო keyword, ეს გახლდათ - "გონიერი ბავშვები ხართ".
 I ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ბონუსად მიიღეს ახალი ზღაპარი "მელია და თხა". როგორც წესი, ჯგუფებმა ფასილიტატორებთან ერთად შეისწავლეს ტექსტი, აღმოაჩინეს მათთვის ახალი სიტყვები და განმარტეს მათი მნიშვნელობები. კითხვის საათის ბოლო ეტაპზე  პატარა ჟურნალისტებმა როლში შესასვლელად ფასილიტატორებთან ერთად მოამზადეს კითხვები განხილული ზღაპრის პერსონაჟებისთვის. ბავშვებმა იმუშავეს კითხვის დასმის ტექნიკის გაუმჯობესებაზე, მოიფიქრეს რამოდენიმე საინტერესო კითხვა და მოემზადნენ პერსონაჟებთან შესახვედრად.


ორმა ფასილიტატორმა შეასრულა მელიისა და თხის როლი. პრესკონფერენციას ჰყავდა წამყვანი, ჟურნალისტები, ექსპერტები და ოპერატორი. მხიარულმა, ენერგიულმა ჟურნალისტებმა ბევრი საინტერესო კითხვა ჩამოაყალიბეს და გაიგეს ახალი ინფორმაცია პესონაჟების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ზღაპრის გმირებმა თავიანთი რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას, ხოლო ექსპერტებმა შეაჯამეს, შეაფასეს აღნიშნული შეხვედრა. ამ თავისუფალი შეხვედრის ფორმატში არ გავუშვით შანსი მიგვეღო რჩევები ჩვენი პატარა მკითხველებისაგან, თუ როგორი ტიპის შეხვედრები მოსწონთ, მოეწონათ თუ არა დღევანდელი დღე და რას შეცვლიდნენ.


შევიტყვეთ სასიამოვნო ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვაც დაუწყია. ბავშვების მონდომებითა და ხალისით აღფრთოვანებულმა ფასილიტატორებმა ვარსკვლავებით დავაჯილდოვეთ გუნდები თქვენთვის უკვე ცნობილ ნომინაციებში. დღევანდელი დადებითი ემოციებით დამუხტული ფასილიტატორები მოუთმენლად ველით მომდევნო შეხვედრას, რათა დაგიბრუნდეთ საინტერესო სიახლეებით.

წარმატებულ კვირას გისურვებთ, შევხვდებით პარასკევს.

 გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/5-59905583

понедельник, 15 февраля 2016 г.

დღე IV


თემა: იტალიური ზღაპარი "ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი"

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად მოგესალმებით მკითხველთა კლუბიდან. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ყველასგან განსხვავებული ფორმატით წარიმართა.




მკითხველთა კლუბმა  იმოგზაურა იტალიური ზღაპრის, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სამყაროში. 




გავეცანით ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, არქიტექტურულ ძეგლებს.





პატარა მკითხველებმა დაათვალიერეს იტალიელი მხატვრის-ამედეო მოდილიანის ნამუშევრები. 


ასევე დაათვალიერეს 125 გასაოცარი, მომნუსხველი ადგილი დედამიწაზე. 


იტალიის შესახებ პრეზენტაციაში ნანახი ღირსშესანიშნაობები წიგნში თავად აღმოაჩინეს.


ამ ორშაბათსაც ზღაპრების თემატიკა გავაგრძელეთ და გავეცანით კიდევ ერთ საინტერესო იტალიურ ზღაპარს - "ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი". ბავშვებმა ფასილიტატორებთან ერთად განმარტეს მათთვის უცნობი სიტყვები და შეავსეს ზღაპრის პირამიდა.


დღევანდელი შეხვედრაც დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენი პარასკევის შეხვედრა გადაიდო. უკვე 2-ჯერ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ორივე დღეს აუცილებლად ავანაზღაურებთ უქმეების ხარჯზე. 
გემშვიდობებით ორშაბათამდე. წარმატებულ კვირას გისურვებთ.

 გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://www.slideshare.net/mtbiblia/4-59905535

пятница, 12 февраля 2016 г.

დღე III

თემა: ქართული ხალხური ზღაპარი - „მეჩონგურე


 მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. გვინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელი შეხვედრა საინტერესო, აქტიური და ნაყოფიერი გახლდათ. დღევანდელი ნაყოფიერი დღე არის ჩვენი მკითხველთა კლუბის წევრების მონდომებისა და საზრიანობის დამსახურება. მკითხველთა კლუბში განხილული ტექსტებიდან  პატარა მკითხველებს ხალიჩაზე დახვდათ ანბანის ფერადი ასოები, რომელთაგანაც უნდა აეწყოთ სიტყვები.


ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბონუსად მიიღეს ახალი ზღაპარი. ჯგუფის თითოეული წევრი ფასილიტატორთან ერთად გახდა მეჩონგურეს შთამბეჭდავი თავგადასავლის მონაწილე. გუნდებმა გამოავლინეს დაკვირვების, ანალიზის უნარი და შექმნეს ზღაპრის რუკა, რომელიც ასახავდა მეჩონგურეს თავგადასავლის მარშრუტს.


კითხვის საათის ბოლოს ტრადიციულად გუნდებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები.


ჩვენი შეხვედრის დროს გვესტუმრა სკოლის დირექტორი ახალი სასიხარულო ინფორმაციით. მან საზეიმოდ გადასცა I ხარისხის სიგელები რობინსონის ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს. პატარა მკითხველებმა ერთად აღნიშნეს თანატოლების წარმატება.


დღევანდელი დღე შეგვიძლია ჩავთვალოთ წარმატების გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად, რადგან დღეს შევძელით წინა შეხვედრების ხარვეზების აღმოფხვრა და მუშაობის პროცესის გაუმჯობესება.

მკითხველთა კლუბი ორშაბათამდე გემშვიდობებათ, ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებებს.