კითხვის პოპულარიზაცია
გამარჯობა! „მკითხველთა კლუბში“ დღეს ძალიან ჭკვიანი და საყვარელი სტუმრები გვყავდა. კლუბის წევრებმა პირველკლასელებს უმასპინძლეს. ჩვენი შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
დღე, ბუნებრივია, გაცნობით დაიწყო. მასპინძლებმა აიღეს ინიციატივა და დაიწყეს გაცნობის პროცესი. თითოეული მათგანი ბურთის დაჭერისთანავე აჟღერებდა საკუთარ სახელს, ასახელებდა მისთვის საყვარელ საქმიანობას და სურვილისამებრ ამატებნდნენ იმ მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც მათი აზრით უნდა ცოდნოდათ მეგობრებს მათ შესახებ. ამ აქტივობით საინტერესო სიახლეები გავიგეთ არა მხოლოდ სტუმრების შესახებ, არამედ ჩვენი კლუბის წვერების შესახებაც. მაგალითად, ჩვენს ბავშვებს ყვარებიათ: ცხოველები, „მკითხველთა კლუბი“, ხატვა , მათემატიკა და სხვა.
კლუბის წევრებმა აუხსნეს მეგობრებს, რას ვაკეთებთ ყოველ ორშაბათსა და პარასკევს კლუბში. გააცნეს „მკითხველთა კლუბის“ ქცევის კოდექსი. აღნიშნულის შემდეგ უმცროსკლასელებს თავიანთ ადგილებზე, ხალიჩებზე მიუთითეს, თავად კი სკამებზე მოთავსდნენ.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მასპინძლებმა ახალ მეგობრებს 22 აპრილს გამზადებული, გაფერადებული მოთხრობები გადასცეს საჩუქრად და არც რჩევა დავიწყებიათ: გაცნობოდნენ, აუცილებლად წაეკითხათ აღნიშნული მოთხრობები. წინა შეხვედრაზე შევარჩიეთ ერთი მოთხრობა - „აბა, ვის ვეთამაშო?“ და კითხვის კონკურსში გამარჯვებულებმა ძალიან საინტერესოდ წაუკითხეს პატარებს. ნახეთ, მგონი ნამდვილად მოსწონთ მეგობრების მიერ წაკითხული მოთხრობა.
კითხვის პროცესში კლუბის წევრებმა ჩვენი ფუნქციები შეასრულეს. კითხულობდნენ პაუზებით, უსვამდნენ პატარა მეგობრებს კითხვებს და ეხმარებოდნენ წაკითხულის გააზრებაში.
კითხვის დასრულების, გააზრების, კითხვა-პასუხის შემდეგ განვთავსდით წრიულად და ვითამაშეთ „სინონიმთა და ანტონიმთა წრე.“ ერთი მოსწავლე ამბობდა სიტყვას, გვერდით მჯდომი ასახელებდა აღნიშნული სიტყვის სინონიმს, სინონიმების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში ასახელებდნენ ანტონიმს. მას შემდეგ, რაც ამოიწურებოდა სინონიმთა და ანტონიმთა მარაგი, ისევ ახალ სიტყვას ასახელებდნენ. თავიდან გაგვიჭირდა აღნიშნული ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობის განხორციელება, მაგრამ შემდეგ კარგად გავართვით თავი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი პატარა სტუმრები არ უდებდნენ ტოლს უფროსებს და ენერგიულად ასახელებდნენ სინონიმურ, ანტონიმურ წყვილებს.
შეხვედრა მართლაც საინტერესო გამოვიდა, იმედია, ჩვენს მეგობრებს მოეწონათ „მკითხველთა კლუბში“ ვიზიტი.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც დასრულდა. მხოლოდ ერთი შეხვედრა დაგვრჩა „მკითხველთა კლუბში.“ 13 მაისს 12სთ და 30 წთ-ზე გაიმართება ინტერვენციის, შეხვედრების დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება. მშობლებო, თქვენ აუცილებლად მიიღებთ ოფიციალურ მოსაწვევ წერილს ღონისძიებაზე დასასწრებად.
ბედნიერ დასვენებებს გისურვებთ და შევხვდებით 13 მაისს!
P.S. ლიტერატურის მოწოდებისთვის გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საბავშვო ავტორს - ქალბატონ თეა ლობჟანიძეს.