пятница, 15 апреля 2016 г.

დღე XXII

თემა: საინფორმაციო ტექსტი - „გაერთე ერთდღიან ლაშქრობაში“

პარასკევია, ჩვენი შეხვედრის დღე ძვირფასო მკითხველებო. დღეს ჩვენი ოცდამეორე შეხვედრა გაიმართა „მკითხველთა კლუბში.“ საკმაოდ შრომატევადი და აქტივობებით დატვირთული დღე გვქონდა.

შეხვედრა „ფერადი სიტყვების სააგენტომ“ გახსნა. ბავშვებმა სააგენტოდან გამოითხოვეს თავიანთი სიტყვები და სხვადასხვა საშუალებებით აუხსნეს მეგობრებს. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არცერთ სიტყვას არ მოუწია კუთვნილი ადგილის დატოვება ძალიან ჭკვიანი და საზრიანი „მესაკუთრეების“ დამსახურებით. 

„ფერადი სიტყვების სააგენტოს“ შემდეგ, პატარა მკითხველებმა ჩვენი, ფასილიტატორების დახმარებით გამოიცნეს შეხვედრის მთავარი თემა. მათ მივუტანეთ ნივთები, რომლებიც შესაძლებელია დასჭირდეთ ლაშქრობისას, მაგალითად: კომპასი, კარავი, ჩანთა, თოკი, რკინის ჭიქა, ბათინკი, რკინის ჯამი, ქუდი, პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს დავალება ჩვენი მეგობრებისთვის საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. თემის გამოცნობის შემდეგ ერთად შევეცადეთ აგვეხსნა, თუ რისთვის იყო საჭირო თითოეული ნივთი და რატომ შევარჩიეთ ისინი. 


პატარა მკითხველები ძალიან დაინტერესდნენ თემით, ამიტომ მათ დაიმსახურეს კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ახალი საინფორმაციო ტექსტის - „გაერთე ერთდღიან ლაშქრობაში“ გაცნობა. უკვე ტრადიციად იქცა ჯგუფში ფასილიტატორებთან ერთად ტექსტის კითხვა. წავიკითხეთ ტექსტი, ერთად განვმარტეთ უცნობი სიტყვები, გავაანალიზეთ ტექსტის თითოეული აბზაცი. 


ტექსტის ერთობლივად დამუშავების შემდეგ, ჩვენი მუშაობის პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ოთხივე ფასილიტატორმა ჩვენ-ჩვენი ჯგუფის წევრებს დავურიგეთ თაბახის ფურცლები და თითოეულ მათგანს ვთხოვეთ, დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად გაეცათ პასუხი იმ კითხვებისთვის, რომლებსაც დავუსვამდით. დავალება გულისხმობდა, რომ მათ არ უნდა გაეჟღერებინათ ხმამაღლა კითხვებზე პასუხები, მხოლოდ თავიანთ კუთვნილ თაბახის ფურცელზე უნდა ჩაეწერათ ის პასუხები, რომლებიც სწორად მიაჩნდათ. კითხვები საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო გახლდათ, კერძოდ: 1. რა არის ის მთავარი ინფორმაცია, რომელსაც შენ ტექსტის ეს ნაწილი - „გაერთე ქალაქგარეთ“ გაწვდის ლაშქრობის შესახებ? 2. ტექსტის მიხედვით დაასახელე ის ორი საინტერესო რამ, რისი ნახვაც შეგიძლია ერთდღიანი ლაშქრობისას. 3. ტექსტის მიხედვით, რა არის ის ორი რამ, რაც უნდა გახსოვდეს, როცა ლაშქრობაში ჯგუფთან ერთად მიდიხარ? 4. ტექსტის რომელი ნაწილი გაფრთხილებს, რომ ლაშქრობისთვის ტანსაცმელი ამინდის გათვალისწინებით უნდა შეარჩიო? 5. რატომ უნდა წაიღო ლაშქრობაში ზედმეტი წინდა? 6. როგორ უნდა მოიქცე, თუ ლაშქრობაში რაიმე გაგიჭირდა? 7. როგორ უნდა მოიქცე, მალე რომ არ დაიღალო? 8. რატომ არის მნიშვნელოვანი ვინმეს დაუბარო, თუ როდის აპირებ ლაშქრობიდან დაბრუნებას? 9. 9-12 კითხვებზე პასუხისას გამოიყენე ინფორმაცია ტექსტის იმ ნაწილიდან, რომლის სათაურია „ლაშქრობა სათვალთვალო გორაზე.“ რომელი მარშრუტი უნდა აირჩიო, თუ გინდა, რომ ლაშქრობა ხანმოკლე იყოს? 10. როგორი ადამიანები შეძლებენ ლაშქრობაში წასვლას სათვალთვალო გორაზე? 11. რა არის ის ორი რამ, რასაც მარშრუტების ცხრილის დახმარებით გაიგებ? 12. გამოიყენე სათვალთვალო გორის რუკა და მარშრუტების ცხრილი ლაშქრობის დასაგეგმად. მიუთითე, რომელ მარშრუტს აირჩევდი. 

ალბათ, გაინტერესებთ, რა შედეგები მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. აქტიურმა მკითხველებმა შეძლეს სწორად ეპასუხათ კითხვების 80%-ის. შედეგებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტექსტის ანალიზი ჩვენთან, ფასილიტატორებთან ერთად მოხდა.


შეხვედრის დასასრულს კიდევ შეემატა სააგენტოს ახალი სიტყვები. დღევანდელი საინტერესო და დატვირთული შეხვედრაც დასრულდა. მადლობა ჩვენ პატარა მეგობრებს შრომისმოყვარეობისთვის. 

გემშვიდობებით ორშაბათამდე. ორშაბათს, 18 აპრილს კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება, რადგან მკითხველთა კლუბის წევრები ითამაშებენ ინტელექტუალურ თამაშს - “ყველაზე ჭკვიანი“.


P.S. პატარა ინტელექტუალების მშობლებო, სასურველია თქვენი დასწრება ორშაბათის შეხვედრაზე. ფასილიტატორებს და ბავშვებს ძალიან გვიყვარს თქვენი სტუმრობა „მკითხველთა კლუბში.“ იმედია, თქვენთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა „მკითხველთა კლუბში“ ვიზიტი. გელოდებით, შეხვედრის დრო და ადგილი უცვლელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий