понедельник, 4 апреля 2016 г.

დღე XIX

თემა: მოქალაქეობრივი შეგნება

მოგესალმებით ბლოგის ერთგულო მკითხველებო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა „მოქალაქეობრივი შეგნება“ გახლდათ. ბლოგის აქტიურ მკითხველებს კარგად გახსოვთ ვიდეოს გადაღების მიზანი და მოტივაცია, ამიტომ აღარ განვმეორდებით. რადგან ვიდეოს მიზანი ვიცით, ვფიქრობთ, არც შეხვედრის თემასთან დაკავშირება გაგიჭირდებათ. გთავაზობთ ვიდეოს და შეფასებები თქვენთვის მოგვინდია. 


აქტივობებით დატვირთული მეცხრამეტე შეხვედრა „მხიარული ბანქოთი“ დავიწყეთ. „მხიარული ბანქო“ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბავშვების სიტყვებთან დასამეგობრებლად. თითოულ გუნდს დავურიგეთ „ბანქოს“ შეკვრა, რომელზეც სიტყვები გახლდათ მოთავსებული. აქტიურ მკითხველებს კი ისე უნდა დაეწყოთ ბანქო, რომ სიტყვათშეთანხმებები მიეღოთ. ნამდვილად არ იყო მარტივი დავალება, მაგრამ გუნდებმა მშვენივრად გაართვეს თავი. 



შეხვედრის მეორე ნაწილი კი კარგი მოქალაქის მახასიათებლების გაცნობას დაეთმო. თითოეულ გუნდს მივაწოდეთ სიტუაციები და კითხვები, რომლებზეც თავად უნდა მოეფიქრებინათ პასუხები. „საქმოსან მთვარე და ვარსკვლავებს“ აი ასეთი სიტუაცია შეხვდათ - მოსწავლემ მერხზე დაწერა თავისი სახელი, მეორემ მიბაძა მეგობარს და გვერდზე კაცუნა მიუხატა.

1. როგორ აფასებთ მოსწავლეების ქცევას?

2. რა შედეგი მოჰყვება ასეთ ქცევას?

3. როგორ ექცევიან მოსწავლეები სასკოლო ინვენტარს?

4. რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ სკოლის საკუთრებას?


„ჩემპიონების“ კუთვნილი სიტუაცია გახლდათ: ბიჭი დედასთან ერთად ავტობუსით მგზავრობდა. იგი მზესუმზირას მიირთმევდა და ძირს ყრიდა. შორიახლო გოგონა იჯდა. გოგონამ ბიჭს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდა და ავტობუსიდან ჩავიდა.

1. როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციის მონაწილეთა საქციელს?

2. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თავიანთ ქალაქთან?

3. რას მივიღებთ ასეთი საქციელის შედეგად?


„მეგობრულებმა“ გაანალიზეს შემდეგი სიტუაცია: ნინო ძალიან გახარებული იყო. ის მოხუცს ქუჩაზე გადასვლაში დაეხმარა, თან ტვირთიც აატანინა მესამე სართულზე. მასწავლებელი ხშირად ესაუბრებოდა ნინოსა და მის თანაკლასელებს ზრდილობასა და მოხუცების პატივისცემაზე. ნინომ მშობლებს სახლში მისვლისთანავე უამბო თავისი საქციელის შესახებ. სადილის შემდეგ მან თავისი თეფში მაგიდაზე დატოვა, თვითონ კი ტელევიზორის საყურებლად წავიდა.

1. როგორ შეაფასებთ გოგონას საქციელს?

2. როგორი დამოკიდებულება აქვს მას უფროსებისადმი?

3. გოგონას ადგილას რომ ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?


„აინშტაინების“ გასაანალიზებელი სიტუაცია გახლდათ: ორი მეგობარი სკოლიდან ბრუნდებოდა. ცხელოდა. მათ ნაყინი იყიდეს. ნაგვის ურნა ვერ დაინახეს. ერთ-ერთმა მათგანმა ნაყინის ქაღალდი იქვე, ქუჩაში დააგდო. მეორემ მოძებნა ურნა და ქაღალდი ნაგვის ყუთში ჩააგდო.

1. როგორ აფასებთ ბიჭების ქცევას?

2. რასთან არის დაკავშირებული ბიჭების განსხვავებული ქცევა?

3. რომელი მათგანი მოიქცა არასწორად? (დაასაბუთეთ).

4. რა იყო იმის მიზეზი, რომ მეორე ბიჭმა პირველს ხელი არ შეუშალა ნაგვის ძირს დაყრაში?

5. როგორ მოიქცეოდით მეორე ბიჭის ადგილას?


სიტუაციების განხილვითა და საუბრის შედეგად გავარკვიეთ, რას ნიშნავს მოქალაქე, კარგი მოქალაქე და გადავედით საინტერესო ტექსტის გაცნობაზე.

წავიკითხეთ მოთხრობა - „გლობუსი“. მოთხრობის გაანალიზების შემდეგ აქტიურმა მკითხველებმა შეავსეს ცხრილები.


დღევანდელი შეხვედრა მართლაც დატვრთული გამოვიდა. მადლობა ჩვენს პატარა მკითხველებს შრომისმოყვარეობისთვის.

მომდევნო შეხვედრა აბსოლიტურად განსხვავებული და კიდევ უფრო საინტერესო იქნება. „მკითხველთა კლუბში“ დედიკოები გვესტუმრებიან. პატარა მკითხველები და მათი დედიკოები შეხვედრაზე ერთად იმუშავებენ. საინტერესო დისკუსია და სიახლეები გველოდება.

1 комментарий:

  1. ყოჩაღ, მაგარი დღე გქონიათ. დიდი მადლობა თქვენ, მაგისტრანტებო თავდაუზოგავი შრომისთვის.

    ОтветитьУдалить