понедельник, 28 марта 2016 г.

დღე XVII

თემა: მარიჯანის - „მეც მინდა მუშაობა“
მოგესალმებით მეგობრებო! დღეს ჩვენი მეჩვიდმეტე შეხვედრაა აქტიურ მკითხველებთან. სამწუხაროდ, ჩვენი მოგზაურობის დრო იწურება, სულ რაღაც 9 შეხვედრა დაგვრჩა „მკითხველთა კლუბში,“ შეხვედრები კი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. 

შეხვედრა „ფერადი სიტყვების სააგენტოთი“ დავიწყეთ. 


უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატარა მკითხველებსა და სიტყვებს შორის ყოველგვარი „გაუგებრობა“ ამოიწურა. თუმცა, „სააგენტო“ ისევ ელოდება ახალ-ახალ საინტერესო სიტყვებს. დარწმუნებულები ვართ, კლუბის წევრები აქტიურად გააგრძელებენ სიტყვებთან მეგობრობას და „სააგენტოსაც“ არ მოაწყენენ.

„სააგენტოს“ გასამდიდრებლად ბავშვებმა ბევრი ახალი სიტყვა უნდა გაიცნონ. საჭიროა ახალ-ახალ ტექსტებს გავეცნოთ. დღეს მარიჯანის „მეც მინდა მუშაობა“ წავიკითხეთ. ერთად გავაანალიზეთ, გავიაზრეთ ტექსტი და დადგა ყველაზე მხიარული მომენტი, როლური თამაშის დრო. ბავშვებმა თავად გამოთქვეს სურვილი ამა თუ იმ როლის შესასრულებლად. გვყავდა მამის, დედის, ძმის, პატარა გოგონას, გამდელის და მთხრობელის როლის შემსრულებლები. კლუბის დანარჩენმა წევრებმა კი ჟიურის, მაყურებლების როლები შეითავსეს და სიტუაციის გათამაშებას დაელოდნენ ჩვენთან, ფასილიტატორებთან ერთად.
პატარა მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და არაჩვეულებრივი წარმოდგენა გვიჩვენეს. ნახეთ, „მამიკო“ ვახო როგორ ზუტად ასრულებს როლს, როგორ მკაცრად გამოიყურება. "ძამიკო" გიორგიც ყურადღებით მუშაობს საშინაო დავალებაზე. ნახეთ, „დედიკო“ მარიამი როგორ საქმიანობს საკერავ მანქანასთან, ვერონიკა "გამდელი" გართულია თავის საქმეებში, მთხრობელი ბარბარე რა საინტერესოდ ყვება ამბებს, თუმცა, რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ფოტო-მასალას ხედავთ და არ გესმით მისი საინტერესო თხრობის მანერა. 




ჟიურიც კმაყოფილია და სიგელების გადაცემამაც არ დააყოვნა. დღეს რამდენიმე „მსახიობმა“ შეძლო შემდეგ ნომინაციებში გამარჯვება: „დღის მსახიობი,“ „დღის აღმოჩენა.“ მაყურებელმა თავისი „სიმპატია“ დაასახელა. 


მხიარული და საინტერესო გარდასახვის შემდეგ „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ ახალი სიტყვები დაემატა. 

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. ხომ გახსოვთ ჩვენი შემდეგი შეხვედრის დღე?

მართალი ხართ, პარასკევს ჩვეულ დროს შევხვდებით.

დროებით!


пятница, 25 марта 2016 г.

დღე XVI

კონფერენცია

გამარჯობა, დღეს პარასკევია, განსაკუთრებული დღე „მკითხველთა კლუბში.“ დღევანდელ კონფერენციაზე ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ მოხდა. 

„მკითხველთა კლუბის“ წევრებთან შესახვედრად მოვიდნენ პარალელური კლასის მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები. 


ფასილიტატორებმა „ახალ“ სტუმრებს გავაცანით კვლევის მიზნები, შინაარსი, ვუამბეთ ჩატარებული სამუშაოს და მომავალი გეგმების შესახებ. 


ვუჩვენეთ ვიდეო-რგოლი, რომელზეც ჩვენი მოგზაურობის ამსახველი კადრები გახლდათ აღბეჭდილი. 


ვიდეოს ჩვენების შემდეგ სტუმრებს დავურიგეთ მკითხველთა კლუბის სავიზიტო ბარათები. 


კონფერენციის მეორე ნაწილი კი ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ჩვენ, ფასილიტატორებმაც გადავინაცვლეთ მაყურებელთა რიგებში და პირველად ვიხილეთ ის „პროდუქტი,“ რაც ჩვენმა პატარა მკითხველებმა და მათმა მშობლებმა წარმოადგინეს. გვყავდა რამდენიმე მონაწილე და აბსოლიტურად ერთმანეთისგან განსხვავებული თემატიკა. 

კონფერენციის მეორე ნაწილი გაიხსნა ლექსების კრებულით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელენე შუშანაშვილის ბებია. 


ლექსების თემატიკას ჩაენაცვლა ო.ჰენრის ნაწარმოები „მოგვთა საჩუქრები“, ამ წარმოდგენის ხელმძღვანელი გახლდათ ოთო ნეკერაშვილის დედიკო.


შემდეგ ვიხილეთ და-ძმის ტანდემი, რომელთა საპრეზენტაციო თემა იყო შექსპირის „რომეო და ჯულიეტა.“ მიუხედავად ნაწარმოების სირთულისა, ნიკა პატაშურმა თავისი უფროსი დაიკოს დახმარებით მარტივად და საინტერესოდ წარმოგვიდგინა ეს პიესა.


ძალიან ორიგინალური და კრეატიული დადგმა შემოგვთავაზა დავით ოქროპირიძის დედიკოს გუნდმა, რომლებმაც წარმოადგინეს ჩინური სიბრძნე „პატიოსნება, მოთმინება და სიკეთე“ რუსულ ენაზე.


კონფერენციის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდა ლიკა ბოლოთაშვილის დედიკოს გუნდი, რომლთა ნიშა გახლდათ იუმორი და სისხარტე. 


შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზით დაასრულა ჩინური სიბრძნის დადგმის მონაწილეებმა, მათ წარმოგვიდგინეს ენერგიული და მხიარული ცეკვა.

შეხვედრის დასასრულს დირექტორმა - მაგდა ბარამიძემ მადლობის სიგელები გადასცა „მკითხველთა კლუბის“ აქტიურ მშობლებს თანამშრომლობისთვის. 


P.S. ფასილიტატორების სახელით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კონფერენციის თითოეულ მონაწილესა და მობრძანებულ სტუმრებს დაინტერესებისათვის. ჩვენ გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ მშობლები დამოუკიდებლად მოაწყობდნენ შთამბეჭდავ ღონისძიებას. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი კითხვის წახალისება. იმედი გვაქვს, რომ დღეიდან ეს ტრადიციად იქცევა და ხშირად წაიკითხავენ ერთად და გამართავენ ერთობლივ ღონისძიებებს. 

გისურვებთ ბედნიერ დასვენებას. შევხვდებით ორშაბათს.

გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე
http://www.slideshare.net/mtbiblia/14-60032366

понедельник, 21 марта 2016 г.

დღე XV

თემა: ი. ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“

მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მკითხველებო! როგორ ხართ? იმედია, სასიამოვნოდ გაატარეთ უქმეები და ახალი ენერგიით იწყებთ სამუშაო კვირას. ჩვენ, ფასილიტატორებს კლუბის აქტიური მკითხველების დახმარებით ნამდვილად გარანტირებული გვაქვს პოზიტიური და ხალისიანი კვირა. შეუძლებელია, ჩახედოთ თითოეულ მათგანს აციმციმებულ თვალებში და არ დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით. ხშირად ვუხდით მადლობას ამ სიკეთის და ენერგიის წყაროებს, მაგრამ დღეს ასე საჯაროდ გვინდა თითოეულ მათგანს გადავუხადოთ მადლობა მონდომებისთვის, მუშაობისთვის, ხალისისთვის, ენერგიისთვის და იმ სიკეთისთვის, რომელსაც ასე უანგაროდ გასცემენ. სწორედ, ისინი გვაძლიერებენ და გვაძლევენ ძალას გადავლახოთ დაბრკოლებები, გავხდეთ უფრო მოტივირებულები. დღეს გვსურს ბევრი რამ გიამბოთ „მკითხველთა კლუბში“ განვითარებული მოვლენების შესახებ. 18 მარტის შეხვედრაზე დაგპირდით, რომ აუცილებლად მოგახსენებდით ცდის შედეგებს. ამიტომ ჩვენი შეხვედრა სწორედ ცდის შედეგების ხილვითა და გარჩევით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე გუნდმა „საქმოსანმა მთვარემ და ვარსკვლავებმა“ კბილებისთვის კალციუმის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ გააკეთეს მარტივი ცდის დემონსტრირება. ჭიქაში ჩაასხეს ძმარი და შიგ მოათავსეს უმი კვერცხი. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ კვერცხი ძმართან შევიდა რეაქციაში, კალციუმი გამოეცალა და დარბილდა. 


პატარა მკითხველები აღარ ჯერდებიან მხოლოდ ამოკითხულ ინფორმაციებს და თავად ამოწმებენ მათ სისწორეს.

შეხვედრის მომდევნო ეტაპზე „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ დროც დადგა. თითოულმა მოსწავლემ იპოვა საკუთარი სიტყვა და შეეცადა მეგობრებისთვის აეხსნა. დღეს მხოლოდ 2 სიტყვას მოუწია „სააგენტოს“ დატოვება დროებით, რადგან შეხვედრის ბოლოს სიტყვის „მესაკუთრეებმა“ მეგობრების, ფასილიტატორების დახმარებით შეძლეს მათი თავიანთ ადგილას დაბრუნება.



„ფერადი სიტყვების სააგენტოს“ შემდეგ ახალი ტექსტის გაცნობის დროც დადგა. ტრადიციულად ჯგუფებში გავაანალიზეთ მოთხრობა - „რას გალობს შაშვი.“


ტექსტის გააზრების შემდეგ კი სერიოზული სამუშაოს შესრულების დროც დადგა. „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა სახელდახელოდ მოწყობილ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. საკამათო თემა გახლდათ: „ცხოველების და ფრინველების გამომწყვდევა გალიაში დანაშაულია.“ ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ დებულების მოწინააღმდეგე, მომხრე, ექსპერტთა და ნეიტრალური პოზიციის მქონე ჯგუფები. თოთოეულ გუნდს არგუმენტების მოსაფიქრებლად 7 წთ ჰქონდა. 7 წთ-ის შემდეგ გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი არგუმენტები შემოგვთავაზეს, ხოლო ექსპერტებმა შეაფასეს, შეაჯამეს გუნდების „პაექრობა.“ საკმაოდ რთული ამოცანა დავუსახეთ „მკითხველთა კლუბის“ წევრებს, მაგრამ მათ მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. რაც მთავარია, მივიღეთ დებატებში მონაწილეობის გამოცდილება და გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის. 


შეხვედრის დასასრულს, „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ ახალი სიტყვები შეემატა. დღევანდელი დღე  გამორჩეული, განსხვავებული და შრომატევადი იყო.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენ ერთგულ მკითხველებს არ დავიწყებიათ ფასილიტატორების მიერ დაანონსებული 25 მარტის „კონფერენცია.“ კონფერენციაში მონაწილეობენ „მკითხველთა კლუბის“ წევრები და მათი მშობლები. დიახ, 25 მარტს 13:00 სთ-ზე N81 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, რომელზეც გეპატიჟებით დაინტერესებულ პირებს.

ჩვენ, ფასილიტატორებიც მოუთმენლად ველით პარასკევის შეხვედრას. განა, რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო სანახავი, როდესაც უყურებ პატარებისა და მშობლების მიერ შექმნილ „პროდუქტს.“

გემშვიდობებით პარასკევამდე,

пятница, 18 марта 2016 г.

დღე XIV

თემა: ა. ჯანაშვილის „ნიანგმაც იცის მეგობრობა“

მოგესალმებით „მკითხველთა კლუბის“ ერთგულო მეგზურებო და მკითხველებო. განსკუთრებით მოგესალმებით თქვენ, ჩვენო სტუმრებო, „ახალო“ მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მკითხველთა კლუბის სამყაროში. თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ, რადგან ყოველ ორშაბათსა და პარასკევს „მკითხველთა კლუბი 81-ე სკოლიდან“ გაწვდით ახალ-ახალ, საოცარ ინფორმაციებს, მათი ჯადოსნური მოგზაურობების შესახებ. იმედია, თქვენც ჩვენი ერთგული მეგზურები გახდებით და ყველანი ერთად გავაგრძელებთ თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას კითხვის ჯადოსნურ სამყაროში.

დღეს ბევრი საინტერესო რამ უნდა გიამბოთ. ფასილიტატორებმა პატარა მკითხველებისა და სიტყვების მეგობრობის გასამყარებლად ახალი აქტივობა-„ფერადი სიტყვების სააგენტო“ მოვიგონეთ. თითოეული გუნდისთვის შეიქმნა „ფერადი სიტყვების სააგენტო“, რომელიც როგორც სურათზე ხედავთ, ჯერ სულ მარტოა, თავისუფალია და მოთმინებით ელოდება ბევრ სხვადასხვა ფერად- ფერად სიტყვას.


სწორედ ჩვენს პატარა მკითხველებზეა დამოკიდებული, რა მასშტაბებით იქნება წარმოდგენილი „ფერადი სიტყვების სააგენტო“, რადგან ყოველი შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა უნდა მიაკრან ის სიტყვები, რომლებიც ისწავლეს, გაიგეს კონკრეტული შეხვედრიდან. მომდევნო შეხვედრაზე „ფერადი სიტყვების სააგენტოდან“ გამოითხოვენ იმ სიტყვას, რომელიც უკვე შესწავლილად მიიჩნიეს და სხვადასხვანაირი გზებით აუხსნიან მეგობრებს, რა სიტყვაზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ „გაშიფრულად“ მიჩნეულ სიტყვას ვერ აუხსნიან კლუბის სხვა წევრებს, სამწუხაროდ, სიტყვა დატოვებს „სააგენტოს“ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება კუთვნილ ადგილს, როდესაც თავისი „მეპატრონე“ ძალიან კარგად შეისწავლის.


დღეს ჩვენი შეხვედრა სწორედ ამ სახალისო და საინტერესო აქტივობით დავიწყეთ. აქტიურმა მკითხველებმა გაიხსენეს „გაშიფრული“ სიტყვები, დარწმუნდნენ თავიანთ ცოდნაში და მხოლოდ ამის შემდეგ განათავსეს ისინი „ფერადი სიტყვების სააგენტოში.“


ნახეთ, არ ხუმრობენ მკითხველთა კლუბის წევრები, ასე თუ გააგრძელეს, წარმომადგენლობითი „სიტყვების სააგენტოები“ გვექნება.


შეხვედრის მეორე ეტაპზე განვიხილეთ ახალი საინფორმაციო ტექსტი-„ნიანგმაც იცის მეგობრობა.“ თითოეულმა გუნდმა თავიანთ ფასილიტატორთან ერთად გაანალიზა ტექსტი, განმარტა უცნობი სიტყვები.


ტექსტის გაანალიზების შემდეგ ანიმაციის ხილვის დრო დადგა. დღეს მკითხველთა კლუბს - „ჩიტუნა ტარი“ ეწვია. აქტიურმა მკითხველებმა და მსმენელებმა შეძლეს მსგავსება-განსხავევბების აღმოჩენა წაკითხულ მოთხრობასა და ნანახ ანიმაციას შორის. 


შეხვედრის მესამე ეტაპზე კი მკითხველთა კლუბის პატარა წევრებს საპასუხისმგებლო საქმე დაეკისრათ. დღეს შესწავლილი და ასევე დამატებით მიწოდებული ტექსტების, ილუსტრაციების გამოყენებით უნდა დაემზადებინათ საინფორმაციო „პოსტერები.“


თითოეულ გუნდს განსხვავებული ტექსტი შეხვდა. გუნდმა „მეგობრულებმა“ ნიანგების და მათი სხვადასხვა სახეობის შესახებ მიიღეს დამატებითი ინფორმაციები, „აინშტაინებმა“ ალიგატორებსა და გავიალებზე წაიკითხეს საინტერესო ინფორმაციები, „ჩემპიონებმა“ გიგანტური ნიანგის შესახებ დაუჯერებელი ამბები გაიგეს. „საქმოსანმა მთვარე და ვარსკვლავებმა“ პირის ღრუს ჰიგიენასა და კბილების შესახებ ამოიკითხეს საინტერესო ინფორმაციები. ალბათ, უცნობი მკითხველისთვის ერთი შეხედვით გაუგებარი იქნება რა კავშირშია კბილების ჰიგიენა და ნიანგები, მაგრამ თუ ისეთივე დაკვირვებით წაიკითხავთ, გაეცნობით დღევანდელ ამბებს, ისევე გაგიადვილდებათ ამ კავშირების დანახვა, როგორც „საქმოსანმა მთვარემ და ვარსკვლავებმა“ მოახერხეს. მეტიც, მათ რჩევებიც კი მისცეს მეგობრებს რატომ არის მნიშვნელოვანი კალციუმი კბილებისა და ძვლების სიძლიერისთვის და ამაში დასარწმუნებლად ცდაც კი შემოგვთავაზეს.


ცდის შედეგებს 48 სთ სჭირდება, ამიტომ პატარა მკითხველები მოუთმენლად ელოდებიან შედეგებს. თქვენც აუცილებლად მოგიყვებით ცდის შედეგებზე ორშაბათს.

ვფიქრობთ, თითოეულმა გუნდმა გაართვა თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობას და შექმნა საინფორმაციო პოსტერები. მგონი, მშვენივრად გამოიყურება, არა?


შეხვედრის დასასრულს მეგობრებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები.


დამშვიდობებამდე არც „ფერადი სიტყვების სააგენტო“ დავიწყებიათ, შეხვედრაზე ახლადგაცნობილ სიტყვებსაც მიუჩინეს თავიანთი ადგილები. შრომატევადი და ხარისხიანი მუშაობისთვის გუნდებს ჯილდოდ გადაეცათ ფერადი ვარსკვლავები.


დღევანდელმა შეხვედრამაც ხალისიანად და საინტერსოდ ჩაიარა.
იმედია, თქვენც მოგეწონათ ჩვენთან ერთად ყოფნა. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ორშაბათამდე.

понедельник, 14 марта 2016 г.

დღე XIII

თემა: ვ. ასლამაზაშვილის „გაზაფხული მოვიდა“

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. დღეს ჩვენი მეცამეტე შეხვედრა დავიწყეთ პლანეტარიუმში ვიზიტის განხილვითა და შეჯამებით. პატარა მკითხველებმა თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები თამამად და ენერგიულად გაგვიზიარეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულო ის ფაქტი იყო, როდესაც პატარა მკითხველებმა თავად დაიწყეს საუბარი მოგზაურობისას დაშვებულ ქცევით ხარვეზებზე. ერთმანეთს ურჩიეს როგორ უნდა გამოასწორონ ხარვეზები და გაიუმჯობესონ ქცევა.


შეხვედრის მომდევნო ეტაპზე ფასილიტატორებმა ახალი მეთოდი -„სიტყვების კლასიფიკაცია“ გამოვიყენეთ, რათა ჩვენს პატარა მკითხველებს გაუადვილდეთ სიტყვებთან დამეგობრება.



 თითოეულ გუნდს დაურიგდა თაბახის ფურცლები, რომლებზეც უკვე შესწავლილი სიტყვები გახლდათ ჩამოწერილი. გუნდის წევრებს კი უნდა დაეჯგუფებინათ მოცემული სიტყვები გარკვეული ნიშნით და გაეერთიანებინათ ერთი სათაურის ქვეშ.


ბავშვებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს და ჯილდოდ ახალი მოთხრობაც „გაზაფხული მოვიდა“ დაიმსახურეს. ტრადიციულად, პატარა მკითხველებმა ჩვენთან ერთად წაიკითხეს და გაანალიზეს ახალი მოთხრობა. 


შეხვედრის ბოლო ეტაპზე ფასილიტატორებმა ახალი აქტივობა-„სიტყვების გამომძიებელი“ შევთავაზეთ მკითხველთა კლუბის წევრებს. გუნდებს ვთხოვეთ, დღევანდელ შეხვედრაზე ნასწავლი მოთხრობიდან ამოერჩიათ ერთი, უკვე „გაშიფრული“ სიტყვა. სიტყვის დასახელების შემდეგ, ბავშებს ვთხოვეთ მოეფიქრებინათ წინადადებები ამორჩეული სიტყვიდან და გვერდით მჯდომისთვის ჩაეჩურჩულებინა. რამდენიმე ბავშვმა მოინდომა მეწყვილის მიერ ჩუმად ნათქვამი წინადადების ხმამაღლა გაჟღერება. წინადადებები ჩავწერეთ დაფაზე და შეხვედრის ბოლოს, ყველამ ერთად, გუნდურად წავიკითხეთ. დღეს საინტერესო და განსხვავებული აქტივობებით დატვირთული დღე გვქონდა, რომელსაც აქტიურმა მკითხველებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. 


დღევანდელი შეხვედრაც დასრულდა.

пятница, 11 марта 2016 г.

დღე XII

თემა: „სტუმრად პლანეტარიუმში“

დღეს პარასკევია, გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს მკითხველთა კლუბმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ტრადიციული შეხვედრის ადგილი და გაემგზავრა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.


 განწყობის ასამაღლებლად გავისეირნეთ იქვე მდებარე პარკში.


 დათქმულ დროს შევედით პლანეტარიუმში და პატარა მკითხველებმა გააგრძელეს წინა გაკვეთილზე დაწყებული მოგზაურობა მზის სისტემაში. მოგზაურობის დროს ბავშვებს ბევრი ნაცნობი ადგილი შეხვდათ, მაგრამ ასევე მიიღეს ახალი ინფორმაციებიც. ვიზუალურმა ეფექტებმა ხელი შეუწყო არსებული ცოდნის გამყარებასა და გამრავალფეროვნებას.



ნახევარსაათიანი პროგრამის მიმდინარეობისას ხშირად გაიგონებდით პატარა მკითხველების ემოციურ შეძახილებს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია მეტეორიტის ხილვამ.


მოგზაურობისას შეძენილმა ახალმა ცოდნამ დამატებითი კითხვები გაუჩინა ბავშვებს, რომლებზეც პასუხი გასცა ჩვენი შეხვედრის მთავარმა გიდმა.

შეხვედრის დასასრულს ინტერვიუ ჩავწერეთ კლუბის წევრებთან. ისინი ამ პატარა ვიდეოებით ეცდებიან გაგიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები.



ასე პოზიტიურდ დასრულდა ჩვენი კვირა. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ, შევხვდებით ორშაბათს.

P.S. განსაკუთრებული მადლობა "მკითხველთა კლუბის" მშობლებს თანამშრომლობისთვის.

 გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე : http://www.slideshare.net/mtbiblia/10-59905820

понедельник, 7 марта 2016 г.

დღე XI

თემა: „მოგზაურობა მზის სისტემაში“

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით პირველ საინფორმაციო ტექსტს. თითოეული გუნდი მუშაობდა განსხვავებულ თემაზე. გუნდ „მეგობრულებს“ დასამუშავებლად შეხვდათ თემა - „ყველაფერი დედამიწის შესახებ,“ „აინშტაინები“ გაეცნენ ტექსტს „კოსმოსური ხომალდებისა და კოსმონავტების“ შესახებ, „საქმოსანი მთვარე და ვარსკვლავები“ გაეცნენ ტექსტს „მზის სისტემის უცნაური პლანეტების“ შესახებ, ხოლო „ჩემპიონები“ – „ვარსკვლავებს და კოსმოსურ რობოტებს.“ 



ბავშვებმა ფასილიტატორებთან ერთად დაამუშავეს ტექსტები.



რის შემდეგაც დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები. 



თითოეულ გუნდს ჰქონდა განსაკუთრებული მისია. მათ წაკითხულის შესახებ უნდა ესაუბრათ მარტივად და საინტერესოდ, რადგან აუდიტორიას შეძლებოდა სხვადასხვა ინფორმაციის სწრაფად მიღება და გააზრება.



რამდენიმე გუნდმა პრეზენტაციასთან ერთად მარტივი ცდის დემონსტრირება მოახდინა. ბავშვებმა შეძლეს რაკეტის ფრენის, მზის დაბნელების და დღე-ღამის მონაცვლეობის პროცესის მოდელირება.



შეხვედრის დასასრულს გამოვიყენეთ ბარათების მეთოდი ფასილიტატორებთან კომუნიკაციისათვის. ბავშვებმა ანონიმურად დაწერეს ზოგადი კომენტარი, შეფასება შეხვედრის შესახებ, სამი რამ, რაც ისწავლეს დღევანდელი შეხვედრიდან და ორი რამ, რაც აინტერესებთ.



სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა ვერ წარიმართა ისე, როგორც იგეგმებოდა. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკური ხარვეზები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები.
სწორედ ამ ხარვეზებმა გამოიწვია ის, რომ ვიდეო პლანეტებზე ვაჩვენეთ არა შეხვედრის საწყის ეტაპზე, არამედ შეხვედრის დასასრულს. ბევრმა ხარვეზმა გამოიწვია ის, რომ შეხვედრის დროის ლიმიტს გადავაჭარბეთ.





დღევანდელი შეფერხებების გამო გიხდით ბოდიშს და მაქსიმალურად ვეცდებით, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
პარასკევის შეხვედრა უჩვეულო გარემოში გაიმართება. 11მარტს 13:00 საათზე ვესტუმრებით თბილისის პლანეტარიუმს, სადაც ჩვენი ბავშვებისთვის 30 წუთიანი პროგრამა გაიმართება.
გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.


გეგმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე : http://www.slideshare.net/mtbiblia/9-59905728

суббота, 5 марта 2016 г.

დღე X

მხიარული და საინტერესო აქტივობების დღე „მკითხველთა კლუბში“

დღეს შაბათია, მაგრამ აქტიური მკითხველები არ ისვენებდნენ. მართალია, სრული შემადგენლობით დღეს არ იყო წარმოდგენილი „მკითხველთა კლუბი,“ მაგრამ გასულ შაბათთან შედარებით სიმრავლე შეიმჩნეოდა.


დღევანდელი შეხვედრა 4 ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე „ჯადოსნური ყუთის“ დახმარებით გავიხსენეთ შესწავლილი სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ „ჯადოსნური ყუთი“ ხშირად გვსტუმრობს, ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით ყველა სიტყვასთან დამეგობრება. თუმცა, სიტყვებთან „ეფექტური კომუნიკაციის“ დასამყარებლად 8 კვირა და ბევრი სახალისო აქტივობა გვაქვს.
მე-2 ეტაპზე გუნდებმა ფასილიტატორებისგან მიიღეს კონვერტები, რომლებშიც მოთავსებული იყო 4 სხვადასხვა ტიპის დავალება. 



პირველ დავალებაში ბავშვებს უნდა დაეკავშირებინათ ილუსტრაციები სიტყვებთან. მე-2 დავალებაში მოცემული იყო სიტყვათა ცხრილი და გამოტოვებულ ადგილებში უნდა ჩაესვათ მოცემული სიტყვების ანტონიმები. მე-3 დავალებაში მოცემული სიტყვების გამოყენებით უნდა შეედგინათ საინტერესო წინადადებები. მე-4 დავალებაში კი ბავშვებს უნდა განემარტათ სიტყვათშეთანხმებები ისე, როგორც მათ ესმოდათ.



შეხვედრის მე-3 ეტაპზე გუნდებს ვთხოვეთ, მოეფიქრებინათ ორ-ორი საინტერესო კითხვა შესწავლილი ზღაპრებიდან და მოთხრობებიდან. თითოეულ გუნდს ევალებოდა როგორც კითხვის დასმა, ასევე სხვა გუნდისგან მიღებულ კითხვაზე პასუხის გაცემა.


ბოლო ეტაპზე, გუნდებმა ფასილიტატორების დახმარებით შეაჯამეს 4 დავალებაში მოპოვებული ქულები. აღნიშნულ ქულებს ასევე დაემატა კითხვა-პასუხის შედეგები. ქულების დათვლის შემდეგ, გუნდები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით.


დღევანდელი დღეც დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ერთგულ მკითხველებს. ამით ჩვენი „დავალიანებაც“ ამოიწურა და ორშაბათიდან ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.
შევხვდებით ორშაბათს

пятница, 4 марта 2016 г.

დღე IX

მშობლები სტუმრად მკითხველთა კლუბში

გაზაფხულის პირველ კვირას მკითხველთა კლუბმა  დედიკოებს უმასპინძლა. კლუბს ბევრი სტუმარი ესტუმრა, რამაც განსაკუთრებით გაგვახარა ჩვენ, ფასილიტატორები და პატარა მკითხველები.


დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი, ხუთკვირიანი შრომის ანგარიშის წარდგენა მშობლებისათვის, მეორე მიზანი კი - მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად კონფერენციაში მონაწილეობის შეთავაზება იყო. კონფერენციის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ვახმაურებთ, მაგრამ ეს ინფორმაცია და საინტერესო ღონისძიების დეტალები 25 მარტს გახდება ცნობილი. 


შეხვედრის მესამე მიზანი მშობლებისგან უკუკავშირის მიღება გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის მოსაზრებისა და რჩევის მიღება მომავალი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. მეოთხე და უმთავრესი მიზანი იყო დედიკოებისთვის დაპირებული სიურპრიზის გამხელა.



ჩვენმა შეხვედრამ, ვფიქრობთ, წარმატებულად ჩაიარა და დასახულ ოთხივე მიზანს მივაღწიეთ.
 შეხვედრის დასასრულს მშობლებმა ვიდეოს საშუალებით მოისმინეს თავიანთი შვილების მილოცვები, ხოლო მოგვიანებით მათგან  მისალოცი ბარათები და ყვავილები მიიღეს საჩუქრად.



შეგახსენებთ, რომ ჩვენი მომავალი შეხვედრა შედგება  ხვალ, 5 მარტს 12 საათზე. საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე გველოდება.
პატარებს გელოდებით მკითხველთა კლუბში.