понедельник, 21 марта 2016 г.

დღე XV

თემა: ი. ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“

მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მკითხველებო! როგორ ხართ? იმედია, სასიამოვნოდ გაატარეთ უქმეები და ახალი ენერგიით იწყებთ სამუშაო კვირას. ჩვენ, ფასილიტატორებს კლუბის აქტიური მკითხველების დახმარებით ნამდვილად გარანტირებული გვაქვს პოზიტიური და ხალისიანი კვირა. შეუძლებელია, ჩახედოთ თითოეულ მათგანს აციმციმებულ თვალებში და არ დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით. ხშირად ვუხდით მადლობას ამ სიკეთის და ენერგიის წყაროებს, მაგრამ დღეს ასე საჯაროდ გვინდა თითოეულ მათგანს გადავუხადოთ მადლობა მონდომებისთვის, მუშაობისთვის, ხალისისთვის, ენერგიისთვის და იმ სიკეთისთვის, რომელსაც ასე უანგაროდ გასცემენ. სწორედ, ისინი გვაძლიერებენ და გვაძლევენ ძალას გადავლახოთ დაბრკოლებები, გავხდეთ უფრო მოტივირებულები. დღეს გვსურს ბევრი რამ გიამბოთ „მკითხველთა კლუბში“ განვითარებული მოვლენების შესახებ. 18 მარტის შეხვედრაზე დაგპირდით, რომ აუცილებლად მოგახსენებდით ცდის შედეგებს. ამიტომ ჩვენი შეხვედრა სწორედ ცდის შედეგების ხილვითა და გარჩევით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე გუნდმა „საქმოსანმა მთვარემ და ვარსკვლავებმა“ კბილებისთვის კალციუმის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ გააკეთეს მარტივი ცდის დემონსტრირება. ჭიქაში ჩაასხეს ძმარი და შიგ მოათავსეს უმი კვერცხი. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ კვერცხი ძმართან შევიდა რეაქციაში, კალციუმი გამოეცალა და დარბილდა. 


პატარა მკითხველები აღარ ჯერდებიან მხოლოდ ამოკითხულ ინფორმაციებს და თავად ამოწმებენ მათ სისწორეს.

შეხვედრის მომდევნო ეტაპზე „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ დროც დადგა. თითოულმა მოსწავლემ იპოვა საკუთარი სიტყვა და შეეცადა მეგობრებისთვის აეხსნა. დღეს მხოლოდ 2 სიტყვას მოუწია „სააგენტოს“ დატოვება დროებით, რადგან შეხვედრის ბოლოს სიტყვის „მესაკუთრეებმა“ მეგობრების, ფასილიტატორების დახმარებით შეძლეს მათი თავიანთ ადგილას დაბრუნება.



„ფერადი სიტყვების სააგენტოს“ შემდეგ ახალი ტექსტის გაცნობის დროც დადგა. ტრადიციულად ჯგუფებში გავაანალიზეთ მოთხრობა - „რას გალობს შაშვი.“


ტექსტის გააზრების შემდეგ კი სერიოზული სამუშაოს შესრულების დროც დადგა. „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა სახელდახელოდ მოწყობილ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. საკამათო თემა გახლდათ: „ცხოველების და ფრინველების გამომწყვდევა გალიაში დანაშაულია.“ ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ დებულების მოწინააღმდეგე, მომხრე, ექსპერტთა და ნეიტრალური პოზიციის მქონე ჯგუფები. თოთოეულ გუნდს არგუმენტების მოსაფიქრებლად 7 წთ ჰქონდა. 7 წთ-ის შემდეგ გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი არგუმენტები შემოგვთავაზეს, ხოლო ექსპერტებმა შეაფასეს, შეაჯამეს გუნდების „პაექრობა.“ საკმაოდ რთული ამოცანა დავუსახეთ „მკითხველთა კლუბის“ წევრებს, მაგრამ მათ მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. რაც მთავარია, მივიღეთ დებატებში მონაწილეობის გამოცდილება და გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის. 


შეხვედრის დასასრულს, „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ ახალი სიტყვები შეემატა. დღევანდელი დღე  გამორჩეული, განსხვავებული და შრომატევადი იყო.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენ ერთგულ მკითხველებს არ დავიწყებიათ ფასილიტატორების მიერ დაანონსებული 25 მარტის „კონფერენცია.“ კონფერენციაში მონაწილეობენ „მკითხველთა კლუბის“ წევრები და მათი მშობლები. დიახ, 25 მარტს 13:00 სთ-ზე N81 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, რომელზეც გეპატიჟებით დაინტერესებულ პირებს.

ჩვენ, ფასილიტატორებიც მოუთმენლად ველით პარასკევის შეხვედრას. განა, რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო სანახავი, როდესაც უყურებ პატარებისა და მშობლების მიერ შექმნილ „პროდუქტს.“

გემშვიდობებით პარასკევამდე,

Комментариев нет:

Отправить комментарий