понедельник, 28 марта 2016 г.

დღე XVII

თემა: მარიჯანის - „მეც მინდა მუშაობა“
მოგესალმებით მეგობრებო! დღეს ჩვენი მეჩვიდმეტე შეხვედრაა აქტიურ მკითხველებთან. სამწუხაროდ, ჩვენი მოგზაურობის დრო იწურება, სულ რაღაც 9 შეხვედრა დაგვრჩა „მკითხველთა კლუბში,“ შეხვედრები კი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. 

შეხვედრა „ფერადი სიტყვების სააგენტოთი“ დავიწყეთ. 


უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატარა მკითხველებსა და სიტყვებს შორის ყოველგვარი „გაუგებრობა“ ამოიწურა. თუმცა, „სააგენტო“ ისევ ელოდება ახალ-ახალ საინტერესო სიტყვებს. დარწმუნებულები ვართ, კლუბის წევრები აქტიურად გააგრძელებენ სიტყვებთან მეგობრობას და „სააგენტოსაც“ არ მოაწყენენ.

„სააგენტოს“ გასამდიდრებლად ბავშვებმა ბევრი ახალი სიტყვა უნდა გაიცნონ. საჭიროა ახალ-ახალ ტექსტებს გავეცნოთ. დღეს მარიჯანის „მეც მინდა მუშაობა“ წავიკითხეთ. ერთად გავაანალიზეთ, გავიაზრეთ ტექსტი და დადგა ყველაზე მხიარული მომენტი, როლური თამაშის დრო. ბავშვებმა თავად გამოთქვეს სურვილი ამა თუ იმ როლის შესასრულებლად. გვყავდა მამის, დედის, ძმის, პატარა გოგონას, გამდელის და მთხრობელის როლის შემსრულებლები. კლუბის დანარჩენმა წევრებმა კი ჟიურის, მაყურებლების როლები შეითავსეს და სიტუაციის გათამაშებას დაელოდნენ ჩვენთან, ფასილიტატორებთან ერთად.
პატარა მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და არაჩვეულებრივი წარმოდგენა გვიჩვენეს. ნახეთ, „მამიკო“ ვახო როგორ ზუტად ასრულებს როლს, როგორ მკაცრად გამოიყურება. "ძამიკო" გიორგიც ყურადღებით მუშაობს საშინაო დავალებაზე. ნახეთ, „დედიკო“ მარიამი როგორ საქმიანობს საკერავ მანქანასთან, ვერონიკა "გამდელი" გართულია თავის საქმეებში, მთხრობელი ბარბარე რა საინტერესოდ ყვება ამბებს, თუმცა, რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ფოტო-მასალას ხედავთ და არ გესმით მისი საინტერესო თხრობის მანერა. 




ჟიურიც კმაყოფილია და სიგელების გადაცემამაც არ დააყოვნა. დღეს რამდენიმე „მსახიობმა“ შეძლო შემდეგ ნომინაციებში გამარჯვება: „დღის მსახიობი,“ „დღის აღმოჩენა.“ მაყურებელმა თავისი „სიმპატია“ დაასახელა. 


მხიარული და საინტერესო გარდასახვის შემდეგ „ფერადი სიტყვების სააგენტოს“ ახალი სიტყვები დაემატა. 

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. ხომ გახსოვთ ჩვენი შემდეგი შეხვედრის დღე?

მართალი ხართ, პარასკევს ჩვეულ დროს შევხვდებით.

დროებით!


Комментариев нет:

Отправить комментарий